გიგლა ბარამიძე - 9 აპრილი ჩვენი ერის სინდისია, რომელიც თითოეულ ქართველს ახსენებს საკუთარ მოვალეობას ქვეყნისა და ქართველი გმირების წინაშე
„ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, „9 აპრილი ჩვენი ერის სინდისია, რომელიც თითოეულ ქართველს ახსენებს საკუთარ მოვალეობას ქვეყნისა და ქართველი გმირების წინაშე“.

მისი შეფასებით, დღეს საქართველოს, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოს მძიმე გამოწვევასთან ბრძოლა უწევს, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორიული მნიშვნელობის თარიღების დავიწყება.

„9 აპრილი, ერთის მხრივ მძიმე, ტრაგიკული დღეა, როდესაც თავისუფლების იდეას ჩვენი გულანთებული ნარჩევი ახალგაზრდები შეეწირნენ. მეორეს მხრივ, საამაყო დღეცაა, როგორც სიმბოლო მამულიშვილობის, თავდადების, ერთიანობის. 9 აპრილი ჩვენი ერის სინდისია.

9 აპრილი თითოეულ ქართველს გვახსენებს ჩვენს მოვალეობას ქვეყნისა და ჩვენი გმირების წინაშე და მოგვიწოდებს იმასაც, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი უპირველესი ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება. მეგობრებო, უნდა გვახსოვდეს ჩვენი აფხაზეთი, სამაჩაბლო!", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
FaceBook Twitter Google