ნინო ბურჯანაძე -14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა
,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი, რომ საერთო დიალოგის ენა მოეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური და ფსოუ გაეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან.

„ზუსტად 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს სამშობლოს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს. 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა. ამ დღის გახსენება მძიმეა თითოეული ქართველისათვის. უფრო მძიმეა იმის აღიარება, რომ ჩვენ ვერც 28 წლის წინ ვერ შევძელით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია შეგვეჩერებინა და ვერც 28 წლის მიუხედავად ვერ შევძელით ეს ტკივილი მოგვეშუშებინა. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა ათეულობით წელიწადი და აფხაზეთთან კვლავ ე.წ. საზღვარი იქნებოდა გავლებული. მტკივნეულია და სამარცხვინო, მაგრამ ფაქტია - არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი, რომ საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური და ფსოუ გაგვეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან. დღეს განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილებს, ადამიანებს რომელთათვის ყველაზე რთული და ძნელია იმასთან შეგუება, რომ 28 წელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე დევნილები ჰქვიათ. მივმართავ იმ ოჯახებს, რომლებმაც შვილები, ძმები, მამები, დედები და ახლობლები დაკარგეს ამ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში. ქედს ვიხრი თითოული თქვენგანის წინაშე და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თითოული დაღვრილი სისხლის წვეთი დაფასებული იქნება და ისტორია არასოდეს წაშლის ჩვენი გმირების სახელებს. თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენას, საერთო ენის გამონახვას და ერთობლივი თანაცხოვრობის უზრუნველყოფას. მე შემიძლია და მე თქვენ დაგაბრუნებთ თქვენს სახლებში“, - ნათქვამია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google