ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა და ერთმანეთი დახოცეს, ტყუილია და ამაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით
„ხელისუფლების ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი და ვერაფერი ვერ მოილაპარაკეს, არის ტყუილი და ამაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით”, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრას ყველა ლიდერი ვერ დაესწრება, თუმცა მათგან არსებულ საკითხებზე თანხმობა აქვთ მიღებული.

“დღევანდელ შეხვედრას ყველა ლიდერი ფიზიკურად ვერ დაესწრება. მე მესმის, რომ ხელისუფლება შეეცდება ყველა დეტალს გამოედევნოს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ტელეფონის ჩათში გვაქვს იმ ლიდერების მოწერილი, რომლებიც ვერ ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას, რომ ისინი თანახმა არიან დღეს განსახილველ საკითხებზე და ასევე, ძირითად ნაწილზე, რაც დეკლარაციას ეხება”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს შეხვედრაზე ოპოზიცია სავარაუდოდ, შეჯერდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, დიდუბე- ჩუღურეთში ოპოზიცური სპექტრი მხარს „გირჩის" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს, საბურთალოს ოლქში კი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

დღესვე ოპოზიციური პარტიები დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც საერთო ოპოზიციური ხმების დაცვის მექანიზმს შეეხება.
FaceBook Twitter Google