ნინო ბურჯანაძე - ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაირაზმება
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაირაზმება.

„მსგავსი შემთხვევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მომხდარა, როდესაც სრულიად განსხვავებული ხედვების, სრულიად განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული ადამიანური და პოლიტიკური სიმპატიების ან ანტიპატიების მქონე პარტიები დავსხედით ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავის მივცეთ უფლება 2020 წლის არჩევნების გაყალბების და მანიპულირების. ეს არის ნამდვილად სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქ ვეღარ მოხერხდება ის, რაც 2016 წელს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მაგალითად, ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის ხმები გადაანაწილა - ზოგი თავად გადაილაგა და ზოგი სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს გადასცა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველანი დავიცავთ ერთმანეთის ხმებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, არჩევნების პერიოდში იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც დარღვევების შემთხვევებში პარტიის წარმომადგენლები მიაწვდიან ინფორმაციას.

„ჩვენ დღეს კონკრეტული მექანიზმის შექმნაზე ვიმსჯელებთ. უკვე მონახაზი ჩამოყალიბებული გვაქვს. შეიქმნება კონკრეტული შტაბი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყებს მუშაობას და იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც დარღვევების შესახებ გადმოაგზავნიან ინფორმაციას და შესაბამისად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებულად იმოქმედებს. ამ შტაბში წარმოდგენილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენელი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე განიხილავენ ეკა ბესელიას ინიციატივას ხმების დათვლის მექანიზმის შესახებ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას პრობლემები არ უნდა, აღნიშნულ ინიციატივაზე უარი არ უნდა თქვას.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა განიხილოს ეკა ბესელიას ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კითხვების შემთხვევაში არსებობდეს ჩამოყალიბებული ხმების დათვლის მექანიზმი. ეს არის ეუთოს ოდირის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის და ჩვენი მოთხოვნა და ხელისუფლებას თუ არ უნდა პრობლემები ამაზე უარი არ უნდა თქვას“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძე განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები რევოლუციისთვის არ ემზადებიან.

„როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას ეს შეკრება უნდა იმიტომ, რომ რევოლუციური სცენარი მოამზადოსო, თურმე ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არეულობა გვინდა ლოგიკა სად არის ბატონებო?! - აი, ეს არის ზუსტად არეულობის და რევოლუციის საწინააღმდეგო სცენარი, რომ არეულობამდე, რევოლუციამდე, ქვეყნის დაქცევამდე და თავპირის მტვრევამდე კი არ მივიდეს საქმე, არამედ ცივილიზებულად და კოორდინირებულად იმოქმედონ პარტიებმა, რათა არჩევნების გაყალბება გამოირიცხოს. ჩვენ ნამდვილად არ ვემზადებით რევოლუციისთვის, თუ თქვენ არ გვაიძულებთ, რომ რაიმე მსგავსი მიმართულებები გაჩნდეს საზოგადოებაში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, 30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს მემორანდუმს გააფორმებს. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.
FaceBook Twitter Google