ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - ამომრჩევლის დაშინების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, „გინდა თუ არა მაჩვენე, რომელი ბიულეტენი შემოხაზე“- არც ამის რესურსი აქვს ოპოზიციას
თუ „ქართული ოცნება“ თავის თავს უწესებს შესაძლო სანქციას დარღვევებისთვის და ამით შეეცდება დარღვევების თავიდან აცილებას, კი ბატონო, ამის წინააღმდეგ ჩვენ არ წავალთ, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებას ითვალისწინებს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რესურსი ოპოზიციას არ აქვს.

„დღეს გამოცხადებული ინიციატივა რეალურად არაფერს ცვლის. აღნიშნული ქმედებებისთვის კანონში არსებობს კონკრეტული მითითება, რომ ეს დასჯადია. გამკაცრება, უფრო ქულების ჩასაწერად ხდება, ვიდრე რეალურად განსახორციელებლად.

ბატონმა არჩილ თალაკვაძემ რაც ჩამოთვალა, ის ქმედებებია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დავალებით და ძალისხმევით.

ამომრჩევლის დაშინების რესურსი ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს, „გინდა თუ არა მაჩვენე რომელი ბიულეტენი შემოხაზე“- არც ამის რესურსი აქვს ოპოზიციას. ამ ყველაფრის გამოყენება შეუძლია ხელისუფლებას სოციალურად დაუცველების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ და ემუქრებიან სამსახურის დაკარგვით.

თუ „ქართული ოცნება“ თავის თავს უწესებს შესაძლო სანქციას დარღვევებისთვის და ამით შეეცდება დარღვევების თვიდან აცილებას, კი ბატონო, ამის წინააღმდეგ ჩვენ არ წავალთ.

მაგრამ, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, პარლამენტი იწყებს საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას. რაც ძალიან კარგია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გვაქვს, რომელიც ეკა ბესელიამ წარადგინა და მთელი ოპოზიცია უჭერს მხარს. ჩვენი ინიციატივა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მოხდეს სადავო უბნებზე ხმების გადათვლა.

იმედი მინდა ვიქონიო, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება თავის ინიციატივასთან ერთად განიხილოს და მიიღოს ის ინიციატივა, რომელიც უკვე დევს პარლამენტში“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს.
FaceBook Twitter Google