ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე შაქარაშვილის საქმეზე - ისეთი არაპროფესიონალიზმია, ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობა და უნიათობაა
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმისათვის რომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჩატარდეს, თუმცა ჰგონია, რომ „საქმე უკვე გააფუჭეს“. - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან მიმართებით არსებულ კითხვებზე საზოგადოებას პასუხები გაეცეს.

„რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ გამოძიებას საერთოდ არ ჰქონდეს არანაირი პასუხები.

ერთი მხრივ, დამთრგუნავია მედიის ასეთი აქტიურობა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხრივ, რომ არა მედიის ასეთი აქტიურობა და ყველას სწორი ინტერესი, გამოვლინდეს ჭეშმარიტება, ალბათ, ხელისუფლება ამას ჩაფარცავდა კიდეც. ასეთი პირი უჩანს ამ საქმეს. პასუხები არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებების არაპროფესიონალიზმთან მიმართებით კითხვები იკვეთება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, არის ეს ხელის დაფარება, თუ არ არის, მე, ჯერჯერობით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც მინიმუმ, ეს ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობა და უნიათობაა. ისეთი არაპროფესიონალიზმია, რომ უკვე ლეგიტიმურ ეჭვებს ბადებს, რამე ხომ არ არის ამის უკნ?! ეს არის ფაქტი, ეს კითხვა აბსოლუტურად ყველას აქვს, პოლიტიკურად ანგაჟირებულს, არანგაჟირებულს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მედიაქტიურობის ან პოლიტიკის ინტერესი არ აქვთ. ყველა ამ ადამიანს გააჩნია ეს კითხვები, რა ხდება, ასეთი უსუსურია ჩვენი გამოძიება, პროკურატურა, სამართლადამცავი ორგანოები, თუ მართლა არის რაღაც უხილავი ხელი, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც გაჩუმდება, რაც დრო გავა. პირიქით, ეს უფრო მეტად აფეთქდება და აფეთქდება კიდევ უფრო ძალიან, თუ ამას დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხები არ გაეცემა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში ისაუბრა ტენდერებთან და კორუფციასთან მიმართებით. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში 35%-ზე მეტი ტენდერი არის პირდაპირი მისყიდვის წესით განხორციელებული.

„უკაცრავად, გახარია რითი მოგწონთ?! სიმართლე გითხრათ, თვალებზე არ დავკვირვებივარ, შეიძლება ლამაზი თვალებიც აქვს, მაგრამ პრემიერს ლამაზი თვალებიც რომ ჰქონდეს, ლამაზი თვალებისთვის მოგწონთ?!ქვეყანაში ყვავის კორუფცია, დანაშაული ყვავის ისე, რომ ახალგაზრდების ქუჩაში გამოსვლის გვეშინია. ასე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ გვეშინოდა. ტურიზმი ჩავარდა, მშიერ ადამიანებს დახმარებას ვერ აძლევენ. არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google