ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - თქვენ გინდათ, რომ კორონავირუსს ამოფარებულებმა არჩევნები ჩაატაროთ
„ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, არჩევნების მოახლოების პარალელურად, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია უარესდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალიან მძიმე ნაბიჯებს დგამს.

„ახლოვდება არჩევნები და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, როგორ უარესდება ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით საქმე. ეს ეხება როგორც ქვეყნის რეალური და დე ფაქტო საზღვრების დაცვას, ადამიანების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანების სიცოცხლის დაცვას და მთელ რიგ სხვა საკითხებს, რომელსაც ხელისუფლება უბრალოდ ვერ უმკლავდება. გვესმის ხელისუფლების ცინიკური განცხადებები, რომ თურმე ნორმალურია ან უნდა შევეგუოთ იმას, რომ ე.წ. საოკუპაციო ზოლთან შეიძლება გვესროლონ, ფეხი მოგვტეხონ, მოგვიტაცონ და ასე შემდეგ. ხელისუფლებამ თურმე ამაზე არაფერი უნდა გააკეთოს. ჩვენ დღეს გავიგეთ ინფორმაცია, რაც ისედაც ვიცოდით, რომ განსვენებული ლუკა სირაძის მიმართ გამოყენებული იყო ძალადობა. მივმართავ ხელისუფლებას, ვისი ბრალია ის, რომ ქალბატონი ჩოლოიანი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ წლების წინ მოგწერათ წერილი, თქვენ შეინარჩუნეთ, შეინარჩუნეთ იმიტომ, რომ თქვენი რეჟიმისთვის ემსახურა. ასეთი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ყველა რეჟიმს უკანონობაში, სწორედ ჩართულნი არიან იმაში, რომ დღეს შაქარაშვილის ტრაგედია არ იყოს გამოძიებული. ხელისუფლება ძალიან მძიმე ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს“,-განაცახდა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხმების გადათვლის თაობაზე ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

„დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედოს და მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივას, რომელიც წარდგენილია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. საკითხი ეხება ხმების გადათვლის ინიციატივას, რომელიც ეკა ბესელიამ წარმოადგინა. პატივცემულო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, თქვენ მუდმივად ამბობთ იმას, რომ არჩევნების არ გეშინიათ, რომ ხალხი ალტერნატივას ვერ ხედავს, რომ თქვენს გარდა ყველას, არჩევნების დროს ქვეყანაში არეულობა, ქუჩაში სირბილი და ყუთების დამტვრევა უნდა. ამის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება არის ის, რომ მიიღოთ ის კანონპროექტი, რომელსაც ეკა ბესელია გთავაზობთ. ხმების გადათვლის მექანიზმი გამორიცხავს გაყალბებას ან მინიმუმამდე დაყავს გაყალბება. მაშინ ქუჩაში ვერავინ ირბენს, არასტაბილურობას ვერ შექმნის, ყუთებს ვერ დალეწავს და ქვეყნის საწინაღმდეგო საქმიანობას ვერ განახორციელებს. რატომ არ იღებთ ამ კანონპროექტს? იმიტომ, რომ გეშინიათ. იმიტომ, რომ არ გაწყობთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, იმიტომ, რომ ცდილობთ, მექანიზმები დაიტოვოთ. ამიტომაც ცდილობთ კორონავირუსის გამოყენებას, იგივე ჯანდაცვის კანონში ცვლილების გამოყენებით. თქვენ გინდათ, რომ კორონავირუსს ამოფარებულებმა არჩევნები ჩაატაროთ, ვინაიდან გესმით, რომ კორუფცია, გაუხსნელი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანების იძულება ჩვენების მიცემაზე და ძალიან ბევრი სხვა ამაზრზენი რამ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არჩევნებზე აუცილებლად საწინააღმდეგოდ შემოგიტრიალდებათ. ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება“,-აცხადებს ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google