ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს - თქვენი მეგობარი ბიზნესმენები ცდილობენ, როგორ შემოიტანონ კი არა, როგორ გაიტანონ აქედან თანხები
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო ვერ შეძლებს სახელმწიფო მდივნის მხრიდან დადებითი შეფასების მოპოვებას და შესაბამისად, აშშ-სგან უმწვავესი კრიზისის დროს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მიღებას.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საქართველოს ასობით მილიონი დოლარის მიღების შესაძლებლობას აკარგვინებს.

„აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ შესწორება შეიტანა აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. შეგახსენებთ, რომ ეს ის აქტია, რომელიც თავის დროზე დამტკიცდა საქართველოს მოხსენიების და ე.წ. სანქციებთან მიახლოებული განცხადებების გარეშე და რომელიც ლამის ფოირვერკების გაშვებით აღნიშნა პრემიერმა გახარიამ და მისმა მთავრობამ, რომ ოპოზიციას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

დღეს ამ აქტში უკვე შესულია ცვლილება, სადაც პირდაპირ არის ჩამოთვლილი რამდენიმე პუნქტი, რომლის პასუხებზეც არის დამოკიდებული მიიღებს თუ არა საქართველო ასობით მილიონის დახმარებას იმ უმძიმეს პერიოდში, რომელიც გველოდება.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მივესალმები თუ აქ ჩამოთვლილი პუნქტები აშშ- სახელმწიფო მდივნის მიერ პოზიტიურად იქნება შეფასებული.

მაგრამ გადავხედოთ რა წერია: „პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან" - როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ამ პუნქტზე პასუხი თუნდაც 3 თვის შემდეგ?

ასევე - „ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა საარჩევნო რეფორმას და ჩატარდება თუ არა არჩევნები ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე"- ვინ ფიქრობს, რომ ამ პუნქტზე პასუხი იქნება დადებითი?

„ეფექტურად ახორციელებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ" - ფეოდალურ მმართველობაში? რა თქმა უნდა, აქ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნება უარყოფითი პასუხი.

„სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა და მედიის თავისუფლება"- რომელ ამ საკითხში ველოდებით ჩვენ პოზიტიურ დასკვნას?

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, დაინტერესებული ვარ მხოლოდ პოზიტიური პასუხები იქნას გაცემული სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მაგრამ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორც პრაგმატული, მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც ვიცი დღეს არსებული ვითარება ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ დასკვნა იქნება ნეგატიური და შესბამისად კრიზისის უმწვავეს პერიოდში ჩვენ დავკარგავთ ასობით მილიონ დოლარს.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, თქვენი მმართველობა, საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური კრიზის ვითარებაში ქვეყანას აკარგვინებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასობით მილიონი ლარის მიღების საშუალებას. მინდა გითხრათ, თქვენი მეგობარი ბიზნესმენების ინვესტიციები ნამდვილად არ ეყოფა საქართველოს ეკონომიკას, მითუმეტეს, არც ის თქვენი მეგობრები იკლავენ თავს ინვესტიციების ჩადებით და მხოლოდ იმით არიან დაინტერესებული, როგორ მოიგონ აქ ფული, როგორ შემოიტანონ კი არა, როგორ გაიტანონ აქედან თანხები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google