ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - „ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაიწყო - პრემიერი, თბილისის მერი და თავდაცვის მინისტრი შვებულებაში არიან?
„ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერისა და თავდაცვის მინისტრის მიერ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებაა და „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო.

,,სრულიად ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და მანიპულირების პროცესი დაიწყო. ამის რამდენიმე მაგალითი გვქონდა როდესაც ვხედავდით და ვხედავთ თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ „კოვიდ-19“-ის საკითხს არჩევნების ქოლგის შესაქმნელად, ასევე განცხადებები, რომლებიც გაკეთდა დახმარების მესამე ტალღასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დახმარების მომხრე ვართ რომელიც გაცემული იქნება ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, მაგრამ არა იმ დახმარებების, რომლებიც გაცემული იქნება ერთჯერადად, წინასაარჩევნო პერიოდში. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თვალნათლივ დაარღვია კანონის 48-ე, 47-ე და 49-ე მუხლები, რომლებიც გულისხმობს ამომრჩევლების მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას“ , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე განმარტებით, არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში „უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას“ .

,,დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები. 30 წუთის განმავლობაში ვუმზერდით პირდაპირ ეთერში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენას, რომელიც განახორციელა ქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც მაჟორიტარების წარდგენის ნაცვლად, ჯობს ჭავჭავაძის პროსპექტს მიხედოს, განახორციელა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ვიდრე მაჟორიტარების წარდგენა და ასევე თავდაცვის მინისტრმა. რა არის ეს თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? დღეს ისინი შვებულებაში არიან და როგორც პარტიული აქტივისტები ისე მოქმედებენ? ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას? პრემიერის, ქალაქის მერის, გუბერნატორის, მინისტრების ჩართულობით და ამაზე თქვენი აზრით ამერიკის საელჩო, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი, ევროსაბჭო რა დასკვას დაწერს? არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო სახსრების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას,“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google