ეს, თქვენი სახით, უკვე არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი
რეალურად შეაჩეროს კატასტროფისკენ მიმავალი კრიზისული პროცესები.
ჩვენს ერთობას, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ურყევი ნება ქმნის
თავად ააშენოს ქვეყანა; ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი არის იმ
ასობით პროფესიონალში, რომელთა უნარი, ცოდნა და გამოცდილება ბოლო დროს
ასე დააკლდა ქვეყანას; ჩვენი ძალა საერთაშორისო პოლიტიკურ
ავტორიტეტშია, უნარში – Mმოვუსმინოთ, შევარიგოთ და გავაერთიანოთ.
ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია საზოგადოებას შევთავაზოთ ობიექტური
ინფორმაცია, დავიცვათ ზეწოლისა და ტერორისგან, დავიცვათ ამომრჩევლის
ხმები; დავიცვათ ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან; და ქვეყნის შიგნით და
გარეთ დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი.
დემოკრატიული სახელმწიფოს შენება არ არის უმტკივნეულო და
მხოლოდ წარმატებების მომტანი პროცესი. მთავარია გვჯეროდეს, ვისწავლოთ
შეცდომებზე, არ შევეგუოთ და ვებრძოლოთ ძალადობას, ტყუილს, სიყალბეს,
დაშინებას, საერთო ენა ვიპოვოთ შიდა და გარე ოპონენტებთან,
პარტნიორებთან.
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სუსტი ქართული დემოკრატიის ფეხზე
დასაყენებლად.
ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკური
ლიდერების კეთილი ნებით ვერ შეიქმნება! დემოკრატიას, ანუ ხალხის
მმართველობას, მხოლოდ ხალხი ქმნის. საზოგადოებრივი გულგრილობა
თავისუფლების და დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია.
მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი ადამიანი შეიძლება
იყოს წარმატებული და ბედნიერი.
თავისუფლების ფორმულა კი მხოლოდ გამბედაობაშია!
მე მოგიწოდებთ არ შევუშინდეთ სირთულეებს!
ერთად ვიაროთ უკეთესი საქართველოსთვის რთულ, ტკივილიან, მაგრამ ძალიან
საამაყო გზაზე!
მწამს, რომ ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ნინო ბურჯანაძე
დღეს ჩვენს ქვეყანაში პასიურობა დანაშაულის ტოლფასია!
დღეს ყველამ, ვისაც საერთო ხედვა და ფასეულობები გაგვაჩნია, უნდა
ვიმოქმედოთ, და ვიმოქმედოთ ერთად, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!
დღეს ხელისუფლების ცალკეულ შეცდომებზე ლაპარაკი ზედმეტია. იგი ერთ
უმთავრეს შეცდომას უშვებს - დემოკრატიული განვითარების გზის ნაცვლად
ირჩევს პოლიტიკური კონტროლისა და ტერორის გზას, იბრძვის მხოლოდ
ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თან ყოველგვარი წესების გარეშე.
ასეთი პოლიტიკა ანგრევს ქვეყანას. აჩენს ადამიანებში იმედგაცრუებისა
და უიმედობის განცდას, ლახავს ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო
არენაზე და უკარგავს მას პარტნიორებისა თუ ოპონენტების ნდობას.
ზუსტად ხუთი წლის წინ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შეცვალა ხელისუფლება და
ძალაუფლება გადასცა დღევანდელ პოლიტიკურ ძალას, ირწმუნა რა მისი
დემოკრატიული დაპირებანი. შედეგად კი, საპირისპირო მივიღეთ: შეიზღუდა
პარლამენტის უფლებები, შეწყდა დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან,
საზოგადოება დაიყო, შეიზღუდა ბიზნესისა და სიტყვის თავისუფლება,
შეილახა ადამიანთა კერძო საკუთრება და სასამართლო აღმსარულებელი
ხელისუფლების მომსახურედ იქცა.
თავისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობის ყოველდღიური კლება სულ
უფრო თვალნათელი ხდებოდა და სერიოზულ პრობლემებად უბრუნდებოდა ჩვენს
პოლიტიკურ სტაბილურობას. მაგრამ, ცალკეული პრობლემები კატასტროფად
იქცა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ერთმმართველობით შერყეულმა
პოლიტიკურმა სისტემამ ქვეყანა ისტორიული მარცხის წინაშე დააყენა.
აგვისტოს მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაამძიმა ქვეყანაში არსებული
ვითარება. სახეზეა სისტემური კრიზისი, რომელმაც
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა დონეზე იჩინა თავი:
• სახელმწიფო დონეზე: ხელყოფილია ეროვნული
უსაფრთხოება, ოკუპირებულია ჩვენი სამშობლოს მეხუთედზე მეტი,
მნიშვნელოვნად დამძიმდა სოციალური ფონი, არსებითად გაიზარდა
ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების საფრთხე. რუსეთის მიერ
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა
არსებითად შეამცირა და განუსაზღვრელად დაგვაშორა საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას. საქართველო, რომელიც,
მიუხედავად მოუგვარებელი კონფლიქტებისა, ყოველთვის იყო რეგიონში
მოვლენების განვითარების ავანგარდში, დღეს ვეღარ ახდენს გავლენას
პროცესებზე – ჩვენ ბედს სხვები განაგებენ. შეილახა ქვეყნის, როგორც
საიმედო პარტნიორის, იმიჯი, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს
პოლიტიკურ რეპუტაციას, საინვესტიციო გარემოს, სატრანზიტო პოტენციალს.
მეტიც, ჯერ კიდევ არ არის თავიდან აცილებული გარე აგრესიის
საშიშროება.
• საზოგადოების დონეზე: აგვისტოს მოვლენებმა
კიდევ უფრო მეტად გახლიჩა საზოგადოება. დაისადგურა ნიჰილიზმმა და
აპათიამ. ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტა დეზორგანიზებული და
დემორალიზებულია და თავს კონტროლირებადი მედიის მიერ წარმოებულ
პოპაგანდას აფარებს. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვერ ჩამოყალიბდა ეროვნული
იდეა, ხდება ფასეულობათა აღრევა. დაისადგურა იმედგაცრუებამ, დაიკარგა
დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა, ხვალინდელი დღის რწმენა,
დაისადგურა შიშმა და დაუცველობის განცდამ.
უნდა ვიმოქმედოთ, და ვიმოქმედოთ ერთად, ჩვენი სამშობლოს
გადასარჩენად!
ვინ ვართ ჩვენ
პარტია “დემოკრატიული მოძრაობა” იწყებს მოღვაწეობას საქართველოსთვის
უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე უფრო რთულ და საპასუხისმგებლო
პერიოდში.
ჩვენი პოლიტიკური პარტია იქმნება იმ ადამიანთა მიერ,
ვისთვისაც უმთავრესია:
ჩვენი სამშობლოს – საქართველოს გაერთიანება, ტერიტორიული მთლიანობის
ხელშეუხებლობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესების
დაცვა!
უმაღლესი მორალური ღირებულება - ადამიანი, მისი სიცოცხლე, თავისუფლება
და ღირსება!
საქართველო, მისი კულტურა, სულიერი ღირებულებები, ტრადიციები და
რწმენა – ის საგანძური, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა შექმნეს და
შეუნარჩუნეს როგორც ქართველებს, ასევე მთელ კაცობრიობას!
ჩვენი პოლიტიკური პარტია იქმნება იმ ადამიანთა მიერ, ვისაც
სჯერა:
რომ სახელმწიფო მმართველობის ერთადერთი სწორი ფორმა არის ჭეშმარიტი
დემოკრატია, მზად არიან მის გასაძლიერებლად და დასაცავად;
რომ დღეს საქართველოს, პირველ ყოვლისა, სწორედ პოლიტიკური განახლება
სჭირდება;
რომ ქვეყნისთვის მთავარია რეალობის კრიტიკული და არსებითი
გააზრება;
რომ საქართველოს ღირსეული განვითარება მხოლოდ ევროატლატიკურ სივრცეშია
შესაძლებელი.
- ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვა;
- ქვეყნის კეთილდღეობისა და მატერიალური სიძლიერის მიღწევა;
- ხალხის არჩევანისა და ნების უზენაესობა;
- გამიჯნული და დაბალანსებული ხელისუფლების უზრუნველყოფა;
- სამართლიანი სასამართლო;
- თავისუფალი მედია;
- თავისუფალი ბიზნესი;
- საკუთრების ხელშეუხებლობა;
- ნებისმიერი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
გარანტირებული დაცვა;
- საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის
ცხოვრების მშვიდი, უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შექმნა.
რატომ ვქმნით პარტიას
არსებული კრიზისისა და საფრთხეების ფონზე, უაღრესად სახიფათოა
უიმედობის ის განცდა, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილში
დაისადგურა.
ჩვენ ვქმნით პარტიას, რადგან არ ვეგუებით:
შიშის დანერგვას, ტყუილსა და უსამართლობას;
ერთპიროვნული ან ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების
მიღებას;
კლანურ მმართველობას;
პროფესიონალებისა და თაობების გათიშვას აქტიური საზოგადოებრივი და
პოლიტიკური პროცესებიდან;
ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების რღვევას.
ჩვენ ვქმნით პარტიას, რათა უზრუნველვყოთ:
ქვეყნის სტაბილური პოლიტიკური განვითარება და უსაფრთხოება;
ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისა და მისი შეუქცევადი
განვითარებისათვის სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიების
შექმნა;
კანონის უზენაესობა;
სამოქალაქო სექტორის განვითარება;
რეალური და ქმედითი ადგილობრივი თვითმმართველობა;
სოციალური და ჯანდაცვის ეფექტური სისტემების შექმნა; (განსაკუთრებული
აქცენტი გაკეთდება განათლებასა და საბაზო სამედიცინო მომსახურებაზე –
წამლისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, დაზღვეულ ღირსეულ
სიბერეზე);
ქვეყნის პროფესიული მართვა;
ხელისუფლებისა და საზოგადოების დაახლოება;
საზოგადოებაში არსებული გამოცდილების სრულად გამოყენების
შესაძლებლობა;
ეკონომიკის მდგრადი და მაღალი ტემპით განვითარება;
სახელწიფოში სოციალური კაპიტალის დაგროვება.
ჩვენ ვქმნით პარტიას, რათა:
აღვადგინოთ ქვეყნის, როგორც სანდო პოლიტიკური პარტნიორის იმიჯი,
გავაერთიანოთ გახლეჩილი საზოგადოება, დავძლიოთ კრიზისი და
უზრუნველვყოთ განვითარების პერპექტივა!
|